პროგრამა
„ჩემი გონება“ მიზნად ისახავს პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას, სოციალურ-ემოციური სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებაზე ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ბავშვებში კომპლექსური უნარების გასავითარებლად; 20 გაკვეთილის განმავლობაში, დეტალური სახელმძღვანელოთი აღჭურვილი გადამზადებული მასწავლებლები, ხელმძღვანელობენ სასწავლო პროცესს. მასწავლებლები მიჰყვებიან დეტალურ საგაკვეთილო გეგმებს და მოსწავლეებს გადასცემენ უნარებს, რომლებიც მათ ცხოვრების გზაზე ემოციებისა და სტრესის რეგულირების, სწორი კომუნიკაციის დამყარების, კონფლიქტურ და რთულ სიტუაციებთან გამკლავების, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს შესაფერისი დახმარების ძიების მიმართულებით დაეხმარება.
კურიკულუმი
„ჩემი გონების“ კურიკულუმი შედგება 45-წუთიანი, 20 გაკვეთილისგან და მოიცავს ხუთ ძირითად თემას: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ემოციური წიგნიერება, ურთიერთობები, კომუნიკაცია და პირველადი დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. კურიკულუმი გამიზნულია, ჩატარდეს სასწავლო წლის განმავლობაში ერთსა და იმავე მასწავლებელთან და კლასთან ერთად, კვირაში საშუალოდ ერთი საგაკვეთილო გეგმით, იმდენად, რამდენადაც კურიკულუმი ეფუძნება მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების თანდათან დაგროვება-განვითარებას.
თითოეული გაკვეთილი მოსწავლეებს 3 ძირითად გზავნილს აწვდის, რომელსაც სხვადასხვა მეთოდის, – მათ შორის, ლექციების, ექსპერიმენტული სავარჯიშოების, წყვილებში აქტივობების, ჯგუფური აქტივობების, რეფლექსიის, დაკვირვების, ინდივიდუალური აქტივობებისა და დისკუსიების მეშვეობით ასწავლის. ყოველი გაკვეთილის შემდგომ, მოსწავლეები დღიურში წერენ 3 ძირითად გზავნილსა და 1 პირად აღმოჩენას. ამას მოყვება ჩანაწერი მნიშვნელოვანი ფაქტისა და ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც უნდა შესრულდეს მიმდინარე კვირის განმავლობაში. სახალისო ექსპერიმენტი ეხმარება მოსწავლეებს, აქტიურად დანერგონ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი მექანიზმები პრაქტიკაში.
მასწავლებელთა ტრენინგი და კურიკულუმის სახელმძღვანელო
პროგრამაში მონაწილე ყველა მასწავლებელს უტარდება 24-საათიანი აკრედიტებული ტრენინგ-კურსი და გადაეცემა სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს კურიკულუმის ჩასატარებლად აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას. ტრენინგი და სახელმძღვანელო მიზნად ისახავს კურიკულუმის ეფექტიანი იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებასა და სოციალურ-ემოციურ სწავლებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს. ტრენინგი ფოკუსირებულია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მასწავლებლების როლი მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება, სოციალურ-ემოციური სწავლების პრინციპები და თეორია, საკუთარ თავზე ზრუნვა, კურიკულუმის ჩატარებისათვის აუცილებელი პედაგოგიური უნარები და კურიკულუმის თემებისა და აქტივობების თეორიული საფუძვლები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება
ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება (MHL) არის ის ცოდნა და უნარები, რაც ინდივიდებისთვის აუცილებელია პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის მისაღწევად. ის ხელს უწყობს ადამიანების მედეგობას, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კონტროლის მოპოვებას და ცხოვრებისეულ სტრესორებთან გამკლავების უნარს. ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების ყოველდღიურ სიტუაციებში და პრაქტიკაში ინტეგრირება, დახმარების ძიების პოზიტიურ ქცევას აძლიერებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება 4 კომპონენტისგან შედგება:
- იმის გააზრება, თუ როგორ უნდა მოხდეს პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება და შენარჩუნება;
- ფსიქიკური აშლილობებისა და მათი მკურნალობის საკითხების გააზრება;
- ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება;
- დახმარების ძიების ეფექტიანობის გაზრდა.
“ჩემი გონების” კურიკულუმი მოსწავლეების განვითარების დონის შესაბამისია და ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს უნარების გაუმჯობესებას, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს ინდივიდუალური საჭიროებების სათანადო განსაზღვრასა და საკუთარი თავისა და სხვებისთვის საჭირო დახმარების ძიებაში. Სოციო-ემოციური სწავლება არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ემოციების უკეთ გააზრებისა და მართვის, პოზიტიური მიზნების დასახვისა და მიღწევის, სხვების მიმართ ემპათიის შეგრძნებისა და გამოვლენის, პოზიტიური ურთიერთობების დამყარების და შენარჩუნებისა და სტრესორების მიმართ მედეგობის ხელშეწყობის გზით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების სარგებელი
Ნაკლები ემოციური სტრესი
✓ გაუმჯობესებული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ
✓ ნაკლები დეპრესია, შფოთვა და სტრესი
✓ სოციუმისგან დისტანცირების შემცირება
✓ ემოციების მართვის უნარების გაუმჯობესება
ნაკლები ქცევითი პრობლემები
✓სარისკო და აგრესიული ქცევების შემცირება
✓ მავნე ნივთიერების ავად მოხმარების შემცირება
პოზიტიური სოციალური ქცევა
✓ სხვების მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესება
✓ მეტი პროსოციალური ქცევა
✓ უკეთესი ემოციური ინტელექტი
✓ პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესება
აკადემიური წარმატება
✓ სკოლის მიმართ დამოკიდებულების განვითარება
✓ გაუმჯობესებული კლიმატი საკლასო ოთახში
დახმარების დროული ძიება
✓ დახმარების ძიების სურვილის გაუმჯობესება
✓ პრობლემების ადრეული გამოვლენა
✓ ნაკლები სტიგმის შემცველი დამოკიდებულებები